|
უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობები მოქმედია საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქის შემოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში. ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული მოწმობა უნდა შეიცვალოს საქართველოს ეროვნული მართვის მოწმობით.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედების ვადა განისაზღვრება მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადით. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობები შეიცვლება იდენტური მართვის უფლების კატეგორიის მძღოლის მოწმობებით. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ვადა გასული მძღოლის მოწმობები საგამოცდო სამსახურებში შეცვლას ან აღდგენას არ ექვემდებარება. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სხვა ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის საქართველოს ეროვნული ნიმუშით შესაცვლელად სააგენტოში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება (განცხადება იბეჭდება ადგილზე): ბ) დროებითი ბინადრობის მოწმობა, ასლით: გ) ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი (სურათიანი და ვიზიანი გვერდებით: დ) ნოტარიულად დამოწმებული მძღოლის მოწმობის თარგმანი: ე) მძღოლის საგამოცდო ბარათი ან მძღოლის მოწმობის დასტური (უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები საქმისწარმოებისათვის მიიღება მხოლოდ მათი ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემთხვევაში) ; ვ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საფასური შეადგენს 10 ლარს, გადაიხდება მომსახურეობის სააგენტოს ანგარიშზე, 001 კოდზე. საქართველოში უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა თანამშრომლებმა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტებთან ერთად (გარდა ბინადრობის მოწმობისა) დამატებით უნდა წარმოადგინონ დიპლომატიური ბარათის ასლი და წერილი საკონსულოდან საცხოვრებელი ადგილის მისამართის ჩვენებით. მძღოლობის კანდიდატებზე ახალი ან დაკარგული მძღოლის მოწმობის გაცემა წარმოებს საერთო წესების საფუძველზე. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შეცვლილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობა უბრუნდება უკან ახალი საქართველოს ეროვნული მართვის მოწმობასთან ერთად.
|